"აფხაზეთი საქართველოა, ლუკაშენკო - ყ*ე!" - ამ სახელწოდებით დღეს, 28 სექტემბერს, 20:00 საათზე ბელარუსის საელჩოსთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება.
"ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში გასატარებელი ამბავი არ არის ბელორუსიის საელჩოსთან ვიკრიბებით დღეს 20:00 საათზე! მისამართი: კრწანისის ქუჩა N18", - ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფება. სოცქსელებში კორტეჟის გადაადგილების ვიდეოები ვრცელდება, რომელსაც საგზაო-საპატრულო სამსახურები მიყვება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.